"ხელის დაფარება პირველ რიგში იწყება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, ჟურნალისტებს თეთრიწყაროში განუცხადა, სადაც მისი შვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
მან ქვემო ქართლის პოლიციასა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ენდობა.
"გამოძიების უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის, კრიმპოლიციის მხრიდან, ახლა ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ვნახოთ. აგერ ნახეთ რამდენი ხალხი დადის, ვითომ 4 დღე იყო და ვერ ნახეს ხომ? გავჩერდეთ 2 საათი და ნახეთ რამდენი ვინმე გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, ახლა კი არა. უბრალოდ ხელს აფარებდნენ აქამდე. აფციაურიდან დაწყებული და ბაჭულაშვილამდე [ლადო] დამთავრებული, გაყალბდა ყველაფერი“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ადგილზე ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც იმყოფება.