თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ოფშორების კანონი, ბიძინა ივანიშვილის სურვილით შემოიღო, რათა ოლიგარქმა თავი აარიდოს ქონებაზე დაკისრებულ გადასახადს.
ბაჩიაშვილს ამის მაგალითად ივანიშვილის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ოფშორების კანონის მეშვეობით, ივანიშვილი ქონების გადასახადს არ იხდის და მოსახლეობას დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს პარავს.
"წელს შემოღებული ოფშორების კანონი - ეს კანონი რეალურად შემოიტანა ისეთ დროს, როცა იყო რუსული კანონის გარშემო აურზაური, ანუ მისთვის გასაგებად, რუსულად რომ ვთქვათ "პოდ შუმოკ" - გააძვრინა. რეალურად რისთვის იყო ეს გაკეთებული - ივანიშვილმა 2022 წელს, და თვითონვე თქვა, თავის გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენ ამერიკიდანო თუ საიდანაც მოჰქონდა. გამოატანეს და მან შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა მას არ უნდოდა არც დღგ-ს გადახდა, არც ქონების გადახდა, და არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე.
შესაბამისად ეს კანონი ითვალისწინებს 3 რამეს: 1 - რომ ამ გადმოცემული აქტივებისგან, ეს აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადიდან, ანუ მომავალში რომ გაყიდის ამ აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად მილიარდის კოლექცია, 10 წელიწადში ან 5 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე ის განბაჟების და დღგ-ს საფასური, მილიარდ დოლარზე დაახლოებით უწევს 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. და ეს ქონების წლიური გადასახადი - 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე - წელიწადში 10 მილიონი დოლარი პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან.
ანუ ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს. ამავდროულად ყიდულობს ივანე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე. ამას აპიარებს და მეორე ხელით ჰპარავს მილიარდ ლარს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი", - თქვა ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.