logo
ENG



ბაჩიაშვილის საქმე: პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან მტკვარი ჰესზე დოკუმენტები ამოიღო

10 ივლ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/4crz1th0z91ncks.png

თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროკურატურამ ფონდიდან და მტკვარი ჰესიდან ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები ამოიღო.

დღეს, 10 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილმა ქონება, შესაძლოა, მტკვარი ჰესის მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხითაც დააგროვა.

ფონდის განცხადება:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას".

დღეს, 10 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მითვისებული ბიტკოინებით დააგროვა.

წერილი სრულად

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. 

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.


close დახურვა