ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუა ამბობს, რომ მათი ოჯახის მიმართ ხელისუფლება გულგრილია. თამუნა ბებუა არ ეთანხმება სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ირაკლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"შემიძლია საპასუხო კითხვა დავსვა, მაშინ რატომ გახდა ისე, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დღესდღეობით ფაქტია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას კუჭის, თავის და ხერხემლის ქრონიკული ტკივილები აქვს. მისი ემოციური მდგომარეობა ძალზედ რთულია. ამიტომ ოჯახი მოითხოვს, სასწრაფოდ მის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ.
ზოგადად, ოჯახი მიჩვეულია ამ დამოკიდებულებას ხელისუფლებისგან იმიტომ, რომ საკმაოდ გულგრილია ეს სამი წელი ხელისუფლება ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთი სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი არ ეკონტაქტება ოჯახს, სუს-ის გარდა, არ ცდილობს მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ. როდესაც მათ ეკითხებიან ირაკლის შესახებ, ზოგმა არც კი იცის მის შესახებ, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, ოჯახისთვის ეს საწყენი მდგომარეობაა", - განაცხადა თამუნა ბებუამ გადაცემა პოლიტმეტრში.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლისთან ბოლო კომუნიკაცია მათ ორი თვის წინ ჰქონდათ, თუმცა ის ხაზს არ უსვამს თავის ჯანმრთელობას, რათა ოჯახი არ ანერვიულოს.
"თუმცა გვაქვს ჩვენი წყაროები, რომლის საშუალებითაც ვიგებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პირდაპირ ხაზი, მაგრამ ინფორმაციები მოდის ჩვენამდე და ვიცით ის, რომ ირაკლი არ გამოდის საკნიდან, დღის ძირითად ნაწილს ლოგინში ატარებს, სძინავს და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია", - აღნიშნა თამუნა ბებუამ.
***
საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა.
ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა.
ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.