logo
ENG



ბევრი აკრძალვა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი - ქალაქში ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდა

17 აპრ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

12:00 საათიდან მთავრობის მიერ დაწესებული ახალი გამკაცრებული ზომები ძალაში შევიდა. ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე აიკრძალა. ავტოტრანსპორტით მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირები, მათი სამსახურეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ტაქსის მძღოლებსაც შეეხოთ. 

მანამდე განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა სუპერმარკეტებთან, რადგან ადამიანები ცდილობდნენ 12:00 საათამდე მოესწროთ საჭირო პროდუქტების შეძენა. მოქალაქეების ნაწილი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ დისკომფორტს შეძლებისდაგვარად უმკლავდება, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეზღუდვა ზედმეტია და მთავრობას ვირუსის გავრცელების პრევენცია სხვანაირად უნდა დაეგეგმა. 

"ძალიან ბევრი აკრძალვა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. არაფრისმომცემი. ბევრი ხალხი მოაწყდა მაღაზიებს, რადგან 12 საათის შემდეგ მანქანით პროდუქტებს ვეღარ წაიღებენ", - აღნიშნა პოლიტიკოსმა, შალვა შავგულიძემ, რომელსაც "ფორმულას" გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი სუპერმარკეტის რიგში შეხვდა.  

შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ ტაქსის მძღოლებიც. მძღოლების თქმით, მათ არ აქვთ შემოსავლის დამატებითი წყარო და გარკვეული ვადით უმუშევრები რჩებიან. 

"სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს. სახლში უნდა წავიდე. არც სპეციალური საშვი მაქვს", - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი. 

აღსანიშნავია, რომ ხალხმრავლობა ახალი შეზღუდვების გამო იყო რეგიონებშიც. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა, აქედან 77 განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა. გამკაცრებული შეზღუდვები მთავრობამ გუშინ მიიღო და ის ძალაში დღეს შევიდა. 


close დახურვა