ბეირუთში ანტისამთავრობო გამოსვლებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის შედეგად ლიბანის დედაქალაქში 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მომიტინგეები, რომლებიც აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, სამინისტროების შენობებში შეიჭრნენ და დაარბიეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ლიბანის პრემიერი ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოვიდა. საკითხს მინისტრთა კაბინეტი ხვალ განიხილავს, დღეს კი საერთაშორისო ლიდერები ბეირუთის დასახმარებლად ონლაინ სამიტს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ათასობით ტონა საშიში ნივთიერების აფეთქების შედეგად ბეირუთში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5 ათასამდე კი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის გარეშე 300 ათასამდე ადამიანი დარჩა.