ბელარუსი ქალაქ ბრესტში უკრაინის გენერალურ საკონსულოს ხურავს და ქვეყნიდან უკრაინელ დიპლომატებს აძევებს. ბელარუსი მხოლოდ 5 უკრაინელ დიპლომატს ტოვებს. დანარჩენებმა კი ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ.
"უკრაინის საელჩო გააგრძელებს მუშაობას ბელარუსში 1+4-ის ფორმატში, ანუ ელჩი და ოთხი თანამშრომელი", - თქვა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ქმედებებს არამეგობრული უწოდეს.
"ვიმედოვნებთ, რომ პროვოკაციის საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს ბელარუსში ანტიუკრაინული ისტერიის გაძლიერება, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერა გამართლდეს", - ამბობენ უწყებაში.
აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ბელარუსია შეიძლება "მალე" შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ქვეყანა უკვე დგამს ნაბიჯებს ამისკენ.
წყარომ, ბელარუსიის ოპოზიციიდან განაცხადა, რომ საბრძოლო ნაწილები მზად არიან უკრაინაში უახლოეს დღეებში შესასვლელად. წყაროს აზრით, ეს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს , ვიდრე გეოპოლიტიკურად, რადგან გასათვალისწინებელია თუ რა გავლენა ექნება ომში სხვა ქვეყნის მიერთებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები "ინდივიდუალურ საუბრებს" აწარმოებენ ბელარუს სამხედროებთან.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს ბელარუსი სამხედროები უკრაინასთან ომში ჩართოს. სანაცვლოდ, ფინანსურ დაზღვევას თვეში 1000-1500 დოლარის ოდენობით და რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში განათლებას პირდება.