ბელარუსი უკრაინას საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ მინსკში ამბობენ, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი უკვე გამოიძახეს.
სამინისტროში ამბობენ, რომ საფრენი აპარატი ბელარუსის საჰაერო სივრცეში 24 იანვარს დაფიქსირდა, რის გამოც იძულებით დასვეს.
"ბორტის აპარატის ანალიზის საფუძველზე დანამდვილებით დადგენილია, რომ იგი გაშვებული იყო უკრაინის ტერიტორიიდან "ბრესტკის" სამხედრო პოლიგონზე უკანონო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მიზნით. უკრაინულ მხარეს ეცნობა, რომ ამ არამეგობრული ნაბიჯებით იგი მიზანმიმართულად იწვევს რეგიონში სიტუაციის ესკალაციას, რაც ხელს არ უწყობს ცივილიზებულ ორმხრივ დიალოგს", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკს მოუწოდებს, რომ ხელი არ შეუწყოს რუსეთის ქმედებებს, რომელიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
"ბელარუსის მთავრობის მორიგი პროვოკაცია. მითურ "ტონობით იარაღს" ენაცვლებიან "უპილოტო საფრენი აპარატები". უკრაინას არ გამოუყენებია უპილოტო საფრენი აპარატი. მოვუწოდებთ მინსკს, ხელი არ შეუწყოთ რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს. ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სიმშვიდე მთელი რეგიონის ინტერესებშია", - წერს ტვიტერზე სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო.