logo
ENG



ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია: ხელისუფლება შესაფერისად უნდა დაეხმაროს მოშიმშილე პატიმარს

05 ნოე 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/05/ivn5dla1vowlxal.png

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოშიმშილე პატიმარს შესაბამისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს, განურჩევლად სახელისა და გვარისა. 

ეპარქიის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს.

"რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მ. სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას, რომ შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ

პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს - განურჩევლად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ომბუდსმენმა N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ 4 ნოემბერს შეამოწმა. 

მათი ცნობით, დადებითი ცვლილებები არის, თუმცა დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა