logo
ENG



ბენიძე:საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება, ალაპარაკდნენ არჩევნების ლეგიტიმურობაზე

27 იან 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და საერთაშორისო წნეხის ფონზე ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია არ გამორიცხავს ვადამდელ არჩვენებს. მათივე თქმით,  დასავლეთი ეჭვს შეიტანს არჩევნების  ლეგიტიმურობაში თუ  არსებითი მოდელით ჩაატარდება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით  შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.  

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ოპოზიცია არის ძალიან მშვიდი თავის მოთხოვნებში და ოპოზიცია არ აპირებს დათმობაზე წასვლას იქ, სადაც დაზიანდება ამ ქვეყნის თავისუფალი მომავალი. მოუწევთ, ან მაგიდაზე დადონ ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც  მოსახლეობა მოითხოვს, ან ლეგიტიმური არ იქნება პროცესი, რომელშიც შევალთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს ვგულისხმობ“, - განაცხადა მელიამ.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია. 

„ჩვენ შევთავაზეთ ქართულთან ადაპტირებული გერმანული მოდელი. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ამ შედეგს იძლევა, ოპოზიცია წავა. ოპოზიცია საზოგადოების ნაწილია. თუ ვადამდელი არჩევნები დანიშნეს დღევანდელი ცუდი სისტემით, იქაც დამარცხდებიან და მერე ჩატარდება სრულფასოვანი პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა ბოკოერიამ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

„როდესაც სიტყვა ლეგიტიმურობის ხსენება ხდება არჩევნებთან დაკავშირებით, ეს მიანიშნებს, რომ თუ საარჩევნო მიმართულებით გარემო არ გაუმჯობესდა და ხელისუფლებამ არ შეისმინა საერთაშორისო კრიტიკა, არ არის გამორიცხული, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დამკვირვებლები შეიძლება, ალაპარაკდნენ არჩევნების ლეგიტიმურობაზე“, - განაცხადა ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. მმართველი გუნდის ინიციატივით, პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი უნდა აირჩიონ, მაჟორიტარული მანდატები კი 50-მდე შემცირდება. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპონენტებს სთავაზობს გუნდი, რომელსაც კონსტიტუციის შესაცვლელად ხმათა რაოდენობა არ აქვს.

 


close დახურვა