გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება "რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი" იყო.
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზე. ის სულ უფრო მეტად თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში.
ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ [პრიგოჟინის აჯანყებამ] ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.