პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დგანან აპოლიტიკური ადამიანები. ბესელიას თქმით, მათ შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც 2012 წელს „ოცნებასთან“ ერთად სამართლიანობისთვის იბრძოდნენ.
„პირველ რიგში, ამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას, ეს არის არაპროპორციული ძალის გამოყენება. არავითრი საჭიროება არ იყო იმ ადამიანების დარბევის, რომლებიც ღამე აქ ათენებდნენ. უნდა გაიაზრონ, რომ ესენი არიან კანონმდებლები და საკუთარი მოქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამას ჭირდება ვითარების ორგანიზებულად და მშვიდობიანად წარმართვა. აქ დგანან სრულიად აპოლიტიკური ადამიანები, მათ შორის ისინიც, რომლებიც 2012 წელს ჩვენთან ერთად იდგნენ და იბრძოდნენ სამართლიანობისთის. აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც ისეთი ენერგია აქვთ, ვერ შეაჩერებ. საკუთარი შვილების ტოლები არიან და უნდა აცნობიერებდნენ ჩემი კოლეგები, რომ ამ ადამიანებს არ უნდა დაუპირისპირო ძალა“ , - აცხადებს ბესელია.
ადგილზე "დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც იმყოფება.
"რეკორდებზე წავა ეს ხელისუფლება. პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. ხელისუფლებაც კი ვერ ამბობს, რომ რაიმე დარღვევა იყო. ივანიშვილი გვეუბნება, რომ მე ვიცი რა გინდათ, ვინ უნდა გმართოთ და თქვენ დამიჯერეთ. ასე ვერ გაგრძელდება", - განაცხადა ბურჯანაძემ "ფორმულასთან" სუაბარში.
პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.
Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks