საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სენატორ რიშის მიერ შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით, ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნისთვის სახიფათოა.
„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, როგორი სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორიცაა თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით და ბიუჯეტის დაფინანსება, ვიღაცის რეკომენდაციით რაიმე ჩანაწერი გაკეთდეს ისე, რომ არ ეყრდნობოდეს გადამოწმებულ ინფორმაციას. ბატონმა კობახიძემ თუ იცის ინგლისური, წაიკითხოს და ნახავს, რომ სენატორ რიშს წყაროები მითითებული აქვს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კობახიძის მსგავსი განცხადებები საქართველოს პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე რეაქციებს გამოიწვევს.
„თუ ვინმე ამსხვრევს „ქართულ ოცნებას“ ლომის წილი აქვს ბატონ კობახიძეს. ბევრი უნდა ალაპარაკონ და კიდევ უფრო მეტად დაილეწებიან. როგორც ჩანს, პატრონიც აღარ უვარგა, რომ უთხრას, ასეთი განცხადებები კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს იწვევს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მაშინ გავრილოვს ელაპარაკოს. კობახიძისთვის ეს უფრო გასაგებია, ფიანდაზად რომ გაეგება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, დიპლომატიური სამსახური მმართველ გუნდს უყურებს, როგორც ქართულ სახელმწიფოს და როცა ზარალდება ქართული სახელმწიფო, ავტომატურად ზარალდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები.
„ყველამ იცის, ჩვენი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ქოლგის ქვეშ არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ჩვენ მათ პოლიტიკურ პარტნიორებად არ განვიხილავთ. ამათ არ ვუკავშირებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. თუმცა, „ქართული ოცნება“ მათთანაც უშვებს შეცდომებს. ეს არის პრობლემა. არის დიპლომატიური კორპუსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უყურებს როგორც ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლობას. როცა ზარალდება ქართული სახელმწიფო, ავტომატურად ზარალდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები“, - აცხადებს ფოფხაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა.
დოკუმენტში საუბარი 8 მარტის შეთანხმებასაც შეეხო, სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესწორების შეტანის თემას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.
თავის მხრივ, კობახიძეს ბოკერიამ უპასუხა და განაცხადა, რომ საფრთხეების ასაცილებლად გამოსავალი ხელისუფლების გადარჩევაა.
"ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო და ღირებულებითი ინტერესის გამო, საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრს გზავნილს, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში. ამიტომ, ჩვენ როგორც ქვეყანამ, ეს საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან ნაკლები დანაკარგებით, ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ", - აცხადებს ბოკერია.
8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.