logo
ENG



ბესიკ ბოგველი მელიასთვის გირაოს გადახდის ინიციატივაზე: ეს ჩემთვის იყო ფსიქოლოგიური ტესტი

30 მარ 202111:04
3 წუთის საკითხავი
clock 1328

ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი ამბობს, რომ მისი ინიციატივა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდასთან დაკავშირებით "ფსიქოლოგიური ტესტი იყო".

"ეს უბრალოდ ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, იყო ტესტი, რომ მმართველ და მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ სპექტრს არსობრივად დესტაბილიზაცია ესაჭიროება. ისეთი სისტემა ამუშავდა უბრალოდ პირადი მიწერით, ვერ გეტყვით. მთელი ღამე არკვევდნენ ვის ვეკუთვნოდი, ერთ პარტიას თუ მეორეს", - განუცხადა ბოგველმა ფორმულას.

ცნობისთვის, 29 მარტს, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ბესიკ ბოგველმა პროკურატურას მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა, მელიას გირაოს თანხა - 40 ათასი ლარი გადაიხადოს. ​კონდახაშვილი ამბობს, რომ გირაოს გადახდა მელიასთვის მიუღებელია და არ გამორიცხავს, ეს "ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი" იყოს.

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა