20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი თავისუფალია. მან საპატიმრო 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. დაცვის მხარე თამლიანისთვის აღკვეთის შეცვლას წინა სასამართლო სხდომაზეც ითხოვდა, თუმცა მაშინ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღეს კი როგორც თამლიანის ადვოკატი განმარტავს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი მოსამართლის ინიციატივით შეიცვალა. სამართალდამცველებმა ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში ედება. სამოქალაქო აქტივისტი ბრალს არ აღიარებს და ახლა სარჩელს ამზადებს.
„მე ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული, მაშინაც როცა 20 ივნისს დაგვაკავეს 310 კაცი ვიყავით დაკავებული და ვიყავით ბლომად დაკავებული, მაშინაც მოსამართლემ შემოგვთავაზა აღიარება, მე მაშინ ვუთხარი ის რაც თქვენ ჩაწერეთ ამას მე ვერ ვაღიარებ. კი ბატონო ჩემ ქმედება დარღვევაა, მაგრამ რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან რაც მოხდა სინამდვილეში, მე მომზადებული მაქვს სარჩელი იქით მინდა მთავრობას წავუყენო ბრალი “,-განაცხადა ბესიკ თამლიანმა.
თამლიანის გვარია იმ პოლიტპატიმართა 4 კაციან სიაში, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან შეთანხმების ფარგლებში მოითხოვს. თამლიანს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ადვოკატი და ოჯახი დახვდა.