logo
ENG



ბექა ფერაძე: სიმაღლეზე მასალების ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით

05 თებ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. შემთხვევას ერთ-ერთის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების და მართვის სამსახურში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარი ფაქტის ორი ვერსია არსებობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ ერთ-ერთი ვერსიით სავარაუდოდ კუსტარულად დამონტაჟებულ ამწეზე, რომლითაც მუშებს გადაჰქონდათ სამშენებლო მასალები, გაწყდა ბაგირი, რის შემდეგაც დაეცათ მათ, ხოლო მეორე ვერსიით - ამ ამწეზე თავად იმყოფებოდნენ მუშები, ბაგირის გაწყვეტის შემდეგ ისინი გადმოვარდნენ სავარაუდოდ მერვე სართულიდან.

ჯერჯერობით უცნობია იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებლობას აწარმოებდა. სამშენებლო კორპუსში მყოფი ადამიანები მედიის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი.

26 წლის ახალგაზრდა მუშა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით პირველ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება. ექიმის განცხადებით, ის მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ამ დროისთვის ქირურგიულ ჩარევას ვერ ახერხებენ.

​ექსპერტ-კრიმინალისტებმა და შრომითი უსაფრთხოების ინსპექტორებმა უკვე დაასრულეს ადგილზე მუშაობა. როგორც შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძემ განმარტა ამ დროისთვის იკვეთება შრომითი უსაფრთხოების დარღვევა, მან ძირითადი აქცენტი კუსტარულად დამონტაჟებულ ამწეზე გააკეთა, რომელსაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკაში. 

„შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო ამ წუთისთვის შეჩერებულია კორპუსის მშენებლობის პროცესი. სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალების ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


close დახურვა