logo
ENG



ბითაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება, სისტემური დანაშაულის დროს დადგეს

20 ოქტ 202201:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/9dkhg4da2qtd9oh.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაშინ შეიძლება დადგეს, როცა "სისტემურ დანაშაულთან" გვაქვს საქმე. ამის შესახებ მან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ იმედის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან უხერხულია, რომ გვიწევს პასუხების გაცემა საკრებულოს მინი-აქციასთან, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს პერფორმანსები მოენატრათ, გახსოვთ თქვენ, რა ნაირ-ნაირი პერფორმანსები გვქონდა, მაგრამ ამჯერად, ბავშვის გარდაცვალებას იყენებენ ამ ყველაფრისთვის. როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ერთმნიშვნელოვანია და კახი კალაძემაც თქვა, რომ თუ მისი, ასე ვთქვათ, დანაშაული ოდნავი მაინც გამოვლინდება, ორჯერ გაიმეორა, ის აუცილებლად გადაგება თანამდებობიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება, დადგეს მაშინ, როდესაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე", - თქვა მან.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში, რა შეიძლება, იყოს სისტემური დანაშაული, ბითაძე პასუხობს, რომ "სისტემური დანაშაული შეიძლება, იყოს ის, რაც არის მუდმივად ერთი და იგივე კომპანიისგან არასწორი ფორმით შესრულებული პროდუქტის ჩაბარება".

"სისტემური დანაშაული, შეიძლება, იყოს კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა, რომელიც მოგცეს საშუალებას, რომ სისტემური დანაშაული ჩაიდინო. მოდით, გავიხსენოთ, კახი კალაძის დროს და მათ შორის ქართული ოცნების დროს, არათუ სისტემური დანაშაული და სისტემური პრობლემები, არამედ იმ სისტემური პრობლემების, ნაციონალური მოძრაობის დროს შექმნილი დერეგულაციის შედეგებს ჩვენ დღესაც ვასწორებთ", - აღნიშნა მან.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობს არც დედაქალაქის მერი. 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მან ვაკის პარკის ტრაგედიის "პოლიტიკური მიზნებით" გამოყენებაზე ისაუბრა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

ნიუ ჰოსპიტალსის ექიმმა, დავით ციბაძემ დღეს განაცხადა, რომ ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს, სავარაუდოდ, კლინიკიდან გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა