საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში არავითარ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი.
ფორმულას კითხვას - რატომ არ ესწრება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომებს მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნა, ბითაძემ ასე უპასუხა:
"არანაირი დაპირისპირება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდა ეს რადიკალურ ოპოზიციას, გუნდში არ არის. პოლიტსაბჭო შედგება 21 წევრისგან, ხან ერთი წევრი აკლია სხვადასხვა მიზეზის გამო, ხან მეორე. შესაბამისად, არის საკითხები სადაც პოლიტსაბჭოს ყველა წევრის დასწრება აუცილებელია, მაგრამ საკითხები, რომელზეც გუნდში კონსენსუსია, არ არის აუცილებელი ყველა წევრი ესწრებოდეს. ეს არი ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი", - განაცხადა ბითაძემ.
რაც შეეხება კითხვას, დატოვებს თუ არა გაზაფხულზე თანამდებობას გახარია, მაია ბითაძემ თქვა, რომ გუნდში ეს საკითხი არ განიხილება.
"ეს სიზმარია და მე ძალიან მომწონს თქვენ რომ მრავალფეროვანი სიზმრები გაქვთ. ძალიან კარგი თუ ახდება თქვენი სიზმრები, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოზიტიურად ხდებოდეს. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მემკვიდრეობით არ გადაეცემათ, ადამიანები ცხოვრების ბოლომდე თანამდებობებს არ იკავებენ. მათ შორის მე 4 წლის შემდეგ ამ თანამდებობას არ დავიკავებ. პრემიერმინისტრის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. თუ ფორმულას აქვს დამატებით რაიმე ინფორმაცია ამის თაობაზე, შეგვიძლია განვიხილოთ", - განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, მაია ბითაძემ ასევე "სიზმარი" უწოდა ფორმულას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა და ქართული ოცნების თავმჯდომარედ მის ნაცვლად ირაკლი კობახიძე ინიშნებოდა. ინფორმაცია 11 იანვარს დადასტურდა, როდესაც ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.