logo
ENG



ბინაზე მკურნალობისას შეიძლება გამოგვეპაროს გართულებები, ეს უნდა ავირიდოთ - მეჭურჭლიშვილი

15 აპრ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, რათა ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი არ განიცადოს და მოახერხოს ადეკვატურად მკურნალობის ჩატარება.

მედიკოსები ამბობენ, რომ ორ-სამ კვირაში მძიმე ვითარება იქნება ქვეყანაში და არც ინფიცირებულთა რამდენიმე ათასამდე ზრდას გამორიცხავენ. მათივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ასეთ დატვირთვას ვერ აიტანს და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას მოსახლეობას სახლში მოუწევთ მკურნალობა.

„პირველ ეტაპზე გამოყოფილია 440 საწოლი, მათი შევსების მერე გამოიყოფა დამატებითი საწოლები, რამდენიმე ათასი და დაიწყება ბინაზე მკურნალობაც. მაღალია იმის რისკი, რომ გართულებები გამოგვეპაროს ბინაზე მკურნალობის დროს - ასეთ დროს სწრაფად ვითარდება დაავადება,  ბინაზე მკურნალობა რომ არ მოგვიწიოს, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები", - აცხადებს რევაზ მეჭურჭლიშვილი.

მედიკოსები საუბრობენ დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზეც - როგორც ისინი განმარტავენ, მსოფლიო სამედიცინო სექტორისთვის უცნობი და ახალია ამ დაავადების მკურნალობა, ამიტომ ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„თუ მოხდა ასეულობით ინფიცირება და იქნა მსუბუქი, არაუშავს - მაგრამ დიდი რაოდნეობით მძიმე პაციენტების მკურნალობა ძალიან გაუჭრდება სექტორს. ბოლომდე არ ვიცნობთ ამ დაავადებას და არ ვიცით, როდის როგორ წავა", - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.

პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მეტი რესურსი დაეთმოს მედიკოსთა გადამაზადებას და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ბათუმის მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორი მოუმზადებლები არიან დაავადების წინააღმდეგ მედიკოსები.

„მოვუფრთხილდეთ ექიმებსა და ექთნებს - მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ამ დაავადების მკურნალობას სჭირდება სპეციფიკური ცოდნა - ამის მაგალითი იყო ბათუმის მაგალითი. სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს", - აცხადებს ვატო სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა