logo
ENG



ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მე-5 ადგილზეა

29 აპრ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 
lijaja4dzzlp595.jpg

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან, 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო - ერთპუნქტიანი გაუარესებაა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა  უსწრებენ.

ცნობილია, რომ კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2018 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს.

რაც შეეხება ორგანიზაციის რეკომენდაციებს, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” მიიჩნევს, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდაა.


close დახურვა