ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „პარაგრაფისა“ და "პანორამა თბილიის" გაყიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან უცხოურ გამოცემასთან ისაუბრა და კითხვაზე, "რა გახდა გაყიდვის მიზეზი," განაცხადა, რომ ამ ობიექტებთან დაკავშირებით არსებული მიზანი მიღწეულია. ივანიშვილის თქმით, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნახევარ ფასად, პანორამა თბილისს კი 10-30%-იანი ფასდაკლებით გაყიდის.
„სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება, ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში" სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა, შესაბამისად, „პარაგრაფის" საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.