აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-მ ირანის მორალის პოლიციას 22 წლის უფლებადამცველი ირანელი ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის გამო ახალი სანქციები დაუწესა.
ბლინკენის ცნობით, აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.
„სანქციები დავუწესეთ ირანის მორალის პოლიციას, უწყებას, რომელიც მაჰსა ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და გამოვავლინეთ, ირანელ უსაფრთხოების სამსახურის 7 წარმომადგენელი, ვინც არაძალადობრივი პროტესტის ჩახშობაზეა პასუხისმგებელი“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ცნობით, სანქცირებულებს აშშ-ში არსებულ საკუთრება და აქციები იბლოკება და აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესურთიერთობა, მათ შორის აშშ-ის გავლით ტრანზაქციებიც.
ირანში მე-6 დღეა, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
პროტესტის ნიშნად ირანელი ქალები საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, იჭრიან თმას.
პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.
ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.
ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტები ყვებიან პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.