logo
ENG



ბლინკენი: უკრაინაში ფრენის აკრძალვის ზონის დაწესება ევროპაში სრულფასოვან ომს გამოიწვევს

05 მარ 202201:12
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ-ის და NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის სრული დახურვა ევროპაში "სრულფასოვან ომს გამოიწვევს". 

"ფრენის აკრძალვის ზონის შემოღების ერთადერთი გზა არის უკრაინის საჰაერო სივრცეში NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრულფასოვანი ომი ევროპაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომში შესვლას". - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში, სადაც ევროპული ქვეყნების ლიდერებს ხვდება.

თუმცა, ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი იმუშავებს თავის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ საშუალებების მიწოდება, რომელიც ამ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს. 

"რა თქმა უნდა, ყოველდღე ვხედავთ მათ ექსტრაორდინალურ გმირობას, ისევე, როგორც ძალიან, ძალიან რეალურ შედეგებს იმისა, რისთვისაც ისინი ამ გმირობას სჩადიან.

ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, რა ტექნოლოგიები, რა შესაძლებლობებია, რისი მიწოდებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი თავი დაიცვას. არის მუდმივი საუბარი, რაც ფაქტობრივად ყოველდღე ხდება როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან, ისე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ამრიგად, მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ უკრაინას ვთავაზობთ, შეიძლება ეფექტურად და დროულად იყოს გამოყენებული". - თქვა ენტონი ბლინკენმა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდმირ ზელენსკი NATO-ს და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდეს, დააწესოს ფრენის აკრძალვის ზონა უკრაინის ცაზე, რუსეთის მხრიდან მუდმივი შეჭრის და უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვების ფონზე. 

ბლინკენამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის თავზე ფრენის აკრძალვა არ არის ის ვარიანტი, რომელსაც ალიანსი განიხილავს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით კი, გადაწყვეტილება NATO-მ უნდა მიიღოს, თუმცა, ამის დაწესების შემდეგ ერთი ნაბიჯი დარჩება "მესამე მსოფლიო ომის საფრთხემდე". 


close დახურვა