logo
ENG



ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს, ლავროვი ქვეყნების შეხვედრას გეგმავს

12 მაი 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს, ლავროვი ქვეყნების შეხვედრას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს ბრნიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ჰამასის სარაკეტო თავდასხმებისგან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ როგორც აქამდე ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, პალესტინელებსა და ისრაელის მოქალაქეებს თავისუფლებით, უსაფრთხოებით, კეთილდღეობითა და დემოკრატიით სარგებლობის თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეთ.

პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შეხვედრას ითხოვს, ისრაელსა და პალესტინას შორის ძალადობრივი კონფლიქტის შეჩერების მიზნით.

გაეროს უშიშროების მდივანთან ერთად საუბრის დროს, ლავროვმა განაცხადა: “დღეს მივედით საერთო მოსაზრებამდე, რომ ყველაზე გადაუდებელი რამ, რაც უნდა გაკეთდეს, ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის მოწვევაა - რუსეთი, აშშ, გაერო და ევროკავშირი”

დღეს, 12 მაისს ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.

 

close დახურვა