logo
ENG



ბოკერია: ახლა, მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს

04 მარ 202117:21
3 წუთის საკითხავი
clock 913
ბოკერია: ახლა, მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უარყოფით პოზიციას პლებისციტის ჩატარებაზე და ამბობს, რომ ახლა "ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე" უნდა გააკეთოს ეს. 

ბოკერია აღნიშნავს, რომ ყველა პარტია კომპრომისის სახით თანხმდება პლებისციტზე.

"ყველა პარტიის პოზიციაა და მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის, ამ მომენტამდე იყო, რომ გვინდა ვადამდელი არჩევნები პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ის პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც შეთავაზებული აქვს ოპოზიციას.

ახლა, მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, გააკეთოს პლებისციტი, შეეგუოს მარცხს პლებისციტში და შემდეგ შეეგუოს მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება", - ამბობს ბოკერია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირაამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.


close დახურვა