ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, რომ არა დარღვევები და მანიპულაციები მმართველი გუნდის მხრიდან, ქართული ოცნების შედეგი 40%-ის ფარგლებში იქნებოდა.
"ზუსტი კალკულაციის გაკეთება არა, მაგრამ მასშტაბზე დასაბუთებული ვარაუდის გამოთქმა შესაძლებელია; ჩვენი ანალიზით, ეს ეფექტი სადღაც 10%-ის ფარგლებშია.
ანუ ივანიშვილის პარტიას სადღაც 40%-ის ფარგლებში შედეგის დაფიქსირება მოუწევდა, რომ არა ზემოთხსენებული მანიპულაციები. ერთხელაც ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი უაღრესად პრობლემური წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, სადაც ძალადობა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალური დოზით, პოლიტიკური დევნა და ოპოზიციის დემონიზება იყო გამოყენებული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 40%-იც ძალიან ბევრია, ივანიშვილის კატასტროფული მმართველობის ფონზე. ოპოზიციას მთლიანად და ჩემს გუნდს, ევროპულ საქართველოს, დაფიქრება და ანალიზი გვჭირდება.
მაგრამ ახლა, მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტის დროა". - დაწერა გიგია ბოკერიამ ფეისბუქზე.
ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893.
პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400;
ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19;
ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850;
იმას, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღევები გავლენას მოახდენდა, ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.
მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
სწორედ ამ დარღვევებს აპროტესტებს ოპოზიცია და საზოგადოება პარლამენტთან და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.