ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების დეტალები იცოდეს.
ბოკერიას თქმით, დეტალების გასაჯაროება დაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.
"პრობლემად რჩება სერიოზულად, რომელიც დღეს უნდა გადაწყდეს - გასაჯაროება ყველა იმ რელევანტური დოკუმენტის... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციები ცნობილია, დეტალებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. დაგვიანდა, მაგრამ იმედია, საზოგადოება გაგვიგებს იმ ნაწილში, რომ ასე ხდება ხოლმე ზოგჯერ. მათ შორის მედიატორებსაც თავისი პოზიცია აქვთ - ზოგჯერ სწორი, ზოგჯერ მცდარი. ამიტომ, ჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. გასაჯაროება იმ პოზიციების, რაც მხარეებს აქვთ, ნათელს მოჰფენს ყველაფერს. პრინციპული პოზიციები ისედაც ცნობილია, მაგრამ დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა პოზიცია გვქონდა ყველა ოპოზიციურ ძალას, რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს და რა პასუხი გაგვცეს და იმედია, დღეს ეს მოხდება", - განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.
მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.
- შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ.
შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.