logo
ENG



ბოკერია: ყველას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, სააკაშვილის გარშემო კომპრომისი ვერ მოხერხდება

28 აგვ 202018:34
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია, მისი პერსონისგან დამოუკიდებლად. ამის შესახებ ბოკერიამ "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა:

"აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა, რომ ერთერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ძალის დე ფაქტო ლიდერი არის დევნილობაში, იძახის რომ ჩამოვა, მერე ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ აქ დაიჭერენ. მერე ამაზე თავს ესხმიან, დასცინიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის საქართველოსთვის პრობლემა, არა ამ პერსონის გამო. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამბავი უნდა დავასრულოთ, საერთოდ აღარ უნდა იდგეს მომავალში", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ენმ-ის უფლებაა, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატად ის, ვინც სურს, თუ ეს პარტია არჩევნებში იმდენ ხმას აიღებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს:

"მაგრამ ვიცით, რომ ვერც ერთი ძალა ვერ მიიღებს 50%-ს, ამიტომ ყველას მოუწევს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც მოხერხდება ამ ტიპის კომპრომისის მიღწევა," - ამბობს ბოკერია.

მისი განცხადებით, მმართველი პარტია სააკაშვილის ფაქტორის საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენებას შეეცდება, როგორც ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა, თუმცა, ბოკერიას თქმითვე, მათ ამის საშუალებას ოპოზიცია არ მისცემს.

"ვიცით, როგორ შეეცდება ამის გამოიყენებას ივანიშვილის პროპაგანდა. მათ აქვთ პრაგმატული გათვლა,"ან ბიძინა იქნება, ან მიშა", რომ გათიშონ ამომრჩეველთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ევროპული საქართველოს მხარდაჭერების, რომლებიც არ უჭერენ სააკაშვილის პრემიერობას მხარს... 

მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, რომ პროპაგანდისტულად მოხდეს იგივე, რაც მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს არჩევნები არის არა რეფერენდუმი სააკაშვილის დაბრუნებაზე, არამედ ივანიშვილის დამარცხებაზე მშვიდობიანად და შემდეგ ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანაზე, კონკრეტული რეფორმებით, რომელიც ადამიანებს მისცემს კეთილდღეობის და უსაფრთხოების მიღწევის შანსს", - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

 


close დახურვა