ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების პოზიციის გამო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის 6-პუნქტიან დოკუმენტში არსებულ არც ერთ საკითხზე, გარღვევა ვერ მოხდა.
როგორც ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებას პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე "შეურაცხადი პოზიცია ჰქონდა".
"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადაც საჭირო იყო, მაგრამ განსაკუთრებით, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ - პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. შემექნა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, ეს არის ერთადერთი ახსნა, რატომაც გაგრძელდა შეხვედრა ამდენ საათს", - ამბობს ბოკერია.
კითხვას დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ ამ მოლაპარაკებების პროცესში, ბოკერია ასე პასუხობს: "მაქამდე საქმეც არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც გამოსავალს იპოვიდა".
ბოკერიას თქმით, "პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი საკვანძო თემად დარჩება".
"როგორ გაგრძელდება - ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია. მე ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე პოლიტიკურზე, ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ახლო მომავალში ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს.
გვჭირდება ორი რამის გაგრძელება და გაღრმავება - ვგულისხმობ, საერთაშორისო თანამეგობრობის ღია მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ყველა ვარიანტში წნეხს და ქვეყნის შიგნით გაგრძელება - დაგეგმილი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობის... 5 პუნქტი იყო პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში - არც ერთ თემაზე გარღვევამდე ვერ მივიდა ვითარება, ოცნების პოზიციის გამო", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.
დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.
მხარეებს შორის 9-საათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.