თუ ჩვენი, ელჩების, ევროპარლამენტარების, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესის წარმომადგენლების არ გჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერეთ, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა რადგან მასში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო საუბარი.
„ეს პროგრესია, აქამდე ამბობდნენ, რომ საერთოდ არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარია, ახლა ამბობენ, რომ იყო, მაგრამ არ დათანხმდნენ. მინდა მოვუწოდო ნახევრად ხუმრობით „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს, ივანიშვილის გარემოცვას, ყველას, რომ თუ არც ჩვენი არ სჯერათ, არაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის შემდეგ გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტის საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის ამერიკის კონგრესში, თუ არავისი არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე, გვარებზე იყო საუბარიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.