logo
ENG



ბოკერია ტყის კოდექსზე: ეს არის კონტრაქტის ნაწილი პოლიტიკური სარგებელისთვის

22 მაი 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

კანონპროექტის დამტკიცების მიუხედავად, საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

სინი ამბობენ, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება კითხვებს ბადებს, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს ყოველივე ქვეყნისთვის საზიანოა.

„ეს ნაბიჯი, ისევე როგორც წარსულში გადადგმული ნაბიჯები, არის რაღაც კონტრაქტის ნაწილი პოლიტიკური სარგებელისთვის. ეს არის ყველასთვის ძალიან ცუდი, მათ შორის გრძელვადიანად ნებისმიერი მსხვილი კონფესიისთვის, როგორიც მართლმადიდებლური ეკლესიაა. პრინციპიალურად, ღირებულებითად და პრაგმატულად, ქვეყნისთვის საზიანოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას კი კითხვები უჩნდება თუ რატომ მიირეს ტყის კოდექსის შესახებ კანონი დაჩქარებულად.

„ტყის კოდექსზე მუშაობა მრავალი წელი მიმდინარეობს. რატომ მიიღეს ახლა ეს კანონი დაჩქარებულად ბადებს, რა თქმა უნდა, კითხვებს, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გაგვიჩნდა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძეს კი მიაჩნია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს დაუჭერს ეკლესიისთვის ტყის გადაცემას.

„თუ დღეს დაისმება კითხვა საზოგადოების წინაშე მოხდეს თუ არა, რომ გადასცეთ ეკლესიას ტყეები ან ის ქონება, რასაც გადასცემენ. ვფიქრობ, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამას მხარს დაუჭერს და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს დამტკიცდა. 

კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა იქნება.

კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, სასულიერო პირები დადებითად აფასებენ.


close დახურვა