ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ბოდვას" და "აბსურდულ ნიაღვარს" უწოდებს ქართული ოცნების წევრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას აქვს სქემა, რომლის ფარგლებშიც არჩევნების შემდეგ მათთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე დაიწყებენ საუბარს.
როგორც ბოკერიამ გადაცემაში კომენტარი თქვა, მოსყიდვა, ძალადობა და ამ ძალადობაში პოლიტიკური ფიგურების ჩართულობა ის პრობლემებია, რომელიც Deepfake მეთოდით არ გაკეთებულა და ეს საზოგადოებამ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს უკვე იხილა.
"ეს ბოდვა, აბსურდის ნიაღვარი არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. ოთხ დღეში ამ პოლიტიკური შარის და დაავადების მოშორება არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა მოხდეს. დაუსჯელი ძალადობის, კოვიდპანდემიასთან სრულიად მოუმზადებელი უტიფარი და ქედმაღლური დამოკიდებულებების ფონზე, ეკონომიკის ვარდნის და ათობით ათასი სამუშაო ადგილების დაკარგვის, კრიმინალის ზრდის ფონზე, ხელისუფლება გვესაუბრება არა იმაზე, რას შეცვლის, არამედ Deepfake-ის ვიდეოებზე და პოლიტიკური კლოუნებს შორის ორი გამორჩეული ვარსკვლავის, კობახიძის და წულუკიანის, განცხადებებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის აბსურდული ნიაღვარი. აქ ლოგიკა არ მუშაობს. Deepfake-ის პრობლემა არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ეს ყოველთვის გაირკვევა მერე. ის პრობლემები, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ კამპანიის დროსაც: ძალადობა, პოლიტიკური ფიგურების ჩართულობა ძალადობაში, მოსყიდვა. ეს ყველაფერი Deepfake-ით კი არ კეთდება, ეს არის მძიმე რეალობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, წულუკიანის განცხადება, რომ ქართულ ოცნებას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის ის არმია, რომელიც არსებობს, ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საყოველთაო განწყობა ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწონოს.
"თუკი რამეზე არსებობს კონსესუსი ჩვენს ქვეყანაში, არის ის, რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს, რასაც გარდამტეხი ცვლილება მოჰყვება. მაგ:ეკონომიკაში გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, დამოუკიდებელი სასამართლო... ამ მთავრობის შეცვლაზე არის ძალიან დიდი კონსესუსი. არ მინდა ამით შეურაცხყოფა მივაყენო იმ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ მხარს უჭერენ ქართულ ოცნებას, მაგრამ ისინი არიან დიდ უმცირესობაში. ადმინისტრაციული რესურსის ის არმია, რომელიც არსებობს ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ეს საყოველთაო განწყობა იყოს შეცვლილი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.