ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ციხეში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ციხის დატოვების შემდეგ ბოკუჩავამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში.
"მან თქვა, რომ ის შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვის, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.
პირველ ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. დააკავეს ის პირიც, ვის ბინაშიც სააკაშვილი თბილისში იმყოფებოდა.
სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.