logo
ENG



ბოკუჩავა: ხელისუფლებას ეუთო/ოდირისთვის მოწვევა არ გაუგზავნია, ჩვენ მივმართეთ წერილობით

11 იან 202412:05
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონაური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას ამ დრომდე ეუთო/ოდირისთვის საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის თაობაზე მოწვევა არ გაუგზავნია. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის წერილობით თავად მიემართათ. 

"ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად ესმის ქვეყნის შიგნით, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. 

ხელისუფლების ამ მრავლისმეტყველ დუმილს თან ახლავს, ასევე, მუდმივი თავდასხმა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ამ ფონზე, აუცილებლად მივიჩნიეთ, როგორც მთავარმა, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, მიგვემართა წერილობით ეუთო/ოდირისთვის და თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ გრძელვადიანი, ისევე, როგორც მოკლევადიანი დამკვირვებლები", – აღნიშნა ბოკუჩავამ. 

საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიცია "ცარიელ ადგილას ხმაურის შექმნას" ცდილობს. მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, დამკვირვებლები ჩამოვლენ და ყველაფერი "თავის დროზე" გაკეთდება.  

"რა თქმა უნდა, დამკვირვებლები ჩამოვლენ, ყველაფერი თავის დროზე, როგორც წესია და როგორც გაწერილია, იქნება გაკეთებული, ყველა პროცედურა იქნება გავლილი, ყველა სადამკვირვებლო მისია ჩამოვა და საქართველოში დააკვირდება არჩევნებს. ოპოზიცია ცდილობს, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური", – ამბობს დავითულიანი. 

 

 


close დახურვა