logo
ENG



ბოკუჩავა კარვების კანონზე: ღია მცდელობაა, ხალხს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია

04 ოქტ 202313:09
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ე.წ. კარვების კანონით ქართული ოცნება ცდილობს, მოქალაქეებს თავს მოახვიოს რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია და მოახდინოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება. ეს განცხადება ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

ბოკუჩავამ ოცნების დეპუტატებს კითხვით მიმართა, "რატომ ეშინიათ ასე ძალიან ქართველი ხალხის". მისივე თქმით, "დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს ქართველ ხალხს".

"სუს-ის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო და თქვენ რასაც გვთავაზობთ დღეს, არის მორიგი თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე, არამედ ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმიტომ რომ ეს არის მორიგი ღია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია და ასევე, საბოტაჟირება მოახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მაშინ, როდესაც 1 თვეც არ არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განსახილველად. ერთი მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო გივი - რისი გეშინიათ და რატომ გეშინიათ ასე ძალიან ქართველი ხალხის, რატომ ეშინია თქვენს პოლიტიკურ ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის. პრინციპში, ამ რიტორიკულ კითხვაზეც მარტივი პასუხი მაქვს, ქართველი ხალხის ეშინია, იმიტომ რომ ის ცდილობს ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციას, რაზეც ქართველი ხალხისგან ივანიშვილმა არაერთხელ მიიღო პასუხი. მეტსაც გეტყვით, ეს დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს და შეაჩერებს ქართველ ხალხს, ამიტომ ფუჭია თქვენი ეს ძალისხმევა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2 ოქტომბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დაუჭირეს მხარი.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.


close დახურვა