ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის ლიდერები, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია ნიკა მელიას ციხეში ხვდებიან მისი გათავისუფლებისთვის მისაღებ ფორმაზე კონსულტაციისთვის.
"შესულები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან, რათა გაიარონ კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პარტიისთვის მისაღები ფორმა მისი გათავისუფლების საკითხის ირგვლივ, უმთავრესად იმისთვის, რომ პარტიისთვის შესაძლებელი გახდეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ძალიან გვინდა, რომ მასზე ხელმოწერები იყოს, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ პრინციპული პოზიციების დაცვით, რაც გვქონდა. სწორედ ამაზე მიდის საუბარი ჩემს კოლეგებსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის", - თქვა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებტან საუბრისას და აღნიშნა, რომ შეიძლება ეს იყოს "ერთგვარი დასკვნითი კონსულტაციაც" ნიკა მელიასთან.
მანამდე, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან ვიდეომიმართვით მოუწოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს "ყოველგვარი დამამცირებელი პირობის გარეშე".
ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა თქვა, რომ "ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს".
მაგრამ მისივე თქმით, დოკუმენტში არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ:
"ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა".
გუშინ, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტით დააფიქსირა პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა".
ნიკა მელია თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია "მისი თავისუფლებით ვაჭრობა" და "შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები", რაშიც შეთანხმების ტექსტიდან, 20 ივნისის საქმეების ამნისტიას გულისხმობს.
ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ნიკა მელია.
დღის ბოლოს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.