ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად პაუზებს ითხოვს.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომი, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული ვითარებაა.
მინისტრები კიევისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის შესახებ შეთანხმებას შეეცდებიან. ასევე, განიხილავენ უკრაინის სამშვიდობო ფორმულას. დღის წესრიგშია ღაზაში არსებული ვითარებაც.
შეხვედრის დაყწყებამდე მინისტრებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობას დაეთმობა.
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კონცენტრირებული იქნება კრიზისებზე, ვითარებაზე ღაზაში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გუშინ, ჩვენ ერთობლივი განცხადებით გავაერთიანეთ 27 ქვეყანა. იცით, რომ მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციის მიღებისას ქვეყნებმა ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აჩვენეს, მარტივი არაა ერთიანი პოზიციის ჩვენება.
ამ განცხადებაში ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ პაუზებს ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად. ჩვენ ვთხოვთ ისრაელს, რომ მაქსიმალურად შეიკავოს თავი, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. ვგმობთ ჰამასს, სამოქალაქო პირების და საავადმყოფოების ცოცხალ ფარად გამოყენების გამო", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.