ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა ვარიანტს განიხილავენ რუსული კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის.
"ევროკავშირი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ამ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაციას შეიცავდა.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯის არსებითად შესრულების კუთხით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად - მაგრამ მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ.
ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.