ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობას ჰამასის დაფინანსებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლების დასასუსტებლად ისრაელმა მათ შექმნას ხელი შეუწყო.
"დიახ, ჰამასი ფინანსდებოდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა შეესუსტებინათ პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც ფატაჰი უძღვებოდა", - განაცხადა მან.
ბორელმა აქვე დაამატა, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპია, თუმცა ისრაელი ამის წინააღმდეგია.
შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი არჩევნების დანიშვნაზეც.
ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები თელ-ავივში აქამდეც არაერთხელ გამართულა - პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა მძევლების გათავისუფლებას უკავშირდება. პარალელურად, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ჰამასის ტყვეობიდან ყველა მოქალაქეს არ დაიხსნიან, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები ბოლო შეთანხმების ჩაშლის შემდეგ აღარ აღდგენილა.