logo
ENG



ბორის ჯონსონი ითხოვს უკრაინის საკითხს ევროპა უფრო მტკიცედ მიუდგეს

10 თებ 202214:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/10/w2rgrad8tz8gxt5.jpg
BBC

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ევროპელ მოკავშირეებს მიმართავს უკრაინის საკითხს უფრო მტკიცედ მიუდგნენ. ბორის ჯონსონი, უკრაინის მხარდასაჭერად ძალების გაერთიანების მიზნით NATO-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა.

"როგორც ალიანსმა, ჩვენ თოვლში ხაზები უნდა გავავლოთ და ნათლად გავუსვათ ხაზი იმას, რომ არსებობს გარკვეული ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ. ეს მოიცავს NATO-ს ყველა მოკავშირე ქვეყნის უსაფრთხოებას და ყველა ევროპული დემოკრატიის უფლებას ესწრაფვოდეს NATO-ს წევრობას" , - ამბობს ბორის ჯონსონი.

გუშინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი უკრაინის საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩავიდა. 

"მოსკოვში ვარ, რათა შევხვდე სერგეი ლავროვს და ცხადი გავხადო, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები და პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული შედეგები ელის.

ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნებოდა. დიპლომატია - ერთადერთი გზაა წინ და რუსეთმა ამ გზით უნდა იაროს", - დაწერა ტრასმა ტვიტერზე.

თავის მხრივ, ბორის ჯონსონი 1-ელ თებერვალს უკრაინაში  ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

"დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინელი ხალხის და მსოფლიოს მიერ შეფასდება იმის მიხედვით, როგორი რეაგირება გვექნება და როგორ დავეხმარებით მას". - თქვა ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

პრესკონფერენციაზე ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააქტიურდება "მაშინვე, როგორც კი რუსი სამხედროები გადაწყვეტენ, გადაკვეთონ უკრაინის საზღვარი".

2 თებერვალს ჯონსონი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრა "ტრაგიკული შეცდომა" იქნება.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ამას თავდაცვისთვის აკეთებს, თუმცა დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

რუსეთი ამტკიცებს, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და კერძოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, მათ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომაც მოითხოვს, რომ NATO-მ უარი თქვას გაფართოებაზე და ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაზე, ამასთან, ჯარები გაიყვანოს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 1997 წლიდან გახდნენ ალიანსის წევრები.

მოსკოვის მოთხოვნების საპასუხოდ აშშ აცხადებს, რომ NATO-ში ახალი წევრების მიღება რუსეთის გადასაწყვეტი არაა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს გაატარებენ, რომელიც მძიმედ დაარტყამს ეკონომიკას. მკაცრი სანქციების გატარებას იზიარებენ ევროპის რიგი ქვეყნები. 

რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნეს. აშშ-მ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ევროპის აღმოსავლეთით გადაისროლა.


close დახურვა