logo
ENG



ბორჯომისა და ნაბეღლავის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

22 მაი 202113:37
3 წუთის საკითხავი
 

მინერალური წყლების კომპანიების, ბორჯომისა და ნაბეღლავის თანამშრომლებიც გაფიცვა გრძელდება. თანამშრომლები დაბალ ხელფასებსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სამინისტროს წარმომადგენელმა ტერიტორია ისე დატოვა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაფიცვა გრძელდება გურიაშიც. მეორე დღეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავში მდებარე კომპანია ნაბეღლავის თანამშრომლები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. 

21 მაისს კომპანიამ IDS ბორჯომი საქართველო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კომპანია მზადაა გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის ზრდის მოთხოვნა დაუკმაყოფილოს, თუმცა განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუშლის". 

გაფიცული თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესს გიორგი დიასამიძის თანამონაწილეობის გარეშე არ აპირებენ.

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

19 მაისს ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი  ბორჯომის ქარხნის წარმომადგენლებს და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა განაცხადა, რომ "პოზიციები დაახლოებულია", თუმცა კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.


close დახურვა