"არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს" - ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა.
მეთიუ მილერმა 7 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში წარდგენილი კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც შეერთებულ შტატებშია.
მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკაში მომქედი კანონმდებლობა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს ან სამოქალაქო საქმიანობას ეხება.
მილერის პასუხად ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ეს არ არის სიმართლე.
"მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ, ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება და იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არ ცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცით, რა არის FARA, ყველას შეუძლია შევიდეს და ნახოს, ვინ არის და რა არის დარეგისტრირებული FARA-ში და რამდენი რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი", - ამბობს ბოჭორიშვილი.