პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავს ესხმის ევროპარლამენტარებს და ირწმუნება, რომ ისინი ცდილობენ "დაეხმარონ საპროტესტო მუხტს, რომ შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში".
ამ განცხადებით ის 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ისინი ჯოზეფ ბორელს რუსული კანონის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე "ხელისუფლების განაცხადს, რომელიც ხალხის ნებას ეფუძნება, ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება".
"ამ წერილზე გეტყვით ერთ რამეს - ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები ამ 31 პარლამენტარს იმ რეზოლუციაში, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი, რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ეს ევროპარლამენტარები ისევ და ისევ საპროტესტო მუხტს, რომ შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში. [...]
მე დავსვამდი კითხვას - რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც და ხელისუფლება გამოხატავს ამ ქვეყანაში ხალხის ნებას, აქვს სურვილი და გაცხადებული ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და მას ნამდვილად ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება", - თქვა ბოჭორიშვილმა.