logo
ENG



ბრეგაძე: ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა

16 ივლ 202417:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/9957skifyzotqpi.jpg

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "დეზინფორმაციას" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ეს "საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".

ფორმულასთან საუბრისას დღეს ადვოკატებმა თქვეს, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 20 პატიმარი უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ.

იუსტიციის მინისტრი ხაზს უსვამს რაოდენობას, თუმცა პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით სხვა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს და ყურადღებას ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიაზე ამახვილებს.

"გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!", - წერს მინისტრი Facebook-ზე. 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".


close დახურვა