იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N18 სამკურნალო დაწესებულება მოინახულა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განიხილება.
ბრეგაძის თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, N18 სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა პაციენტის მისაღებად სრულად გამართულია.
"ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა", - თქვა მან.
მანამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სააკაშვილი 24-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.