logo
ENG



ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატები მისთვის წერილების მიწოდებას მაგიდაზე ამძვრალები ცდილობენ

01 ნოე 202100:10
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატები მისთვის წერილების მიწოდებას მაგიდაზე ამძვრალები ცდილობენ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან შეხვედრა ბარიერს მიღმა შეხვედრა კოვიდრეგულაციების გამო უწევს და არაფერ შუაშია ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა 27 ოქტომბერს თქვა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ

ასევე, მიხეილ სააკაშვილს, სატელეფონო ზარების შემდეგ, მნახველებისთვის წერილების გატანების უფლებაც ჩამოართვეს. 

იმედის ეთერში რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ადვოკატებს და სააკაშვილს აქვთ იმ კორესპონდენციების გაცვლის შესაძლებლობა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ეხება. 

"ბარიერის აწევასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თითქოსდა რომელიმე უფლება ირღვეოდა. აბსოლუტურად არცერთი უფლება არ არის დარღვეული. კოვიდრეგულაციების გამო ისინი უნდა შეხვდნენ ბარიერს მიღმა; მათ აქვთ, რა თქმა უნდა, იმ კორესპონდენციის გაცვლის შესაძლებლობა, რომელიც ეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებს და როდესაც ხედავ, რომ ბარიერი არის, რომელსაც, წესით, ვერ უნდა მისწვდე, კეთილი უნდა ინებო, როგორც ადვოკატმა, ისე ნებისმიერმა სხვა პირმა და მაგიდაზე ფეხებით არ უნდა დადგე და არ უნდა ეცადო, რომ დაახლოებით ფრენბურთის ბურთის მსგავსად შეეცადოგადააწოდო კორესპონდენცია, იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვამბობ - ისინი საფრთხეს უქმნიან უშუალოდ მსჯავრდებულსაც, რადგან ის შუშა რომ გადაყირავდეს და ვთქვათ, ვინმე დაზიანდეს, მერე იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა.

სწორედ ამიტომ მათ გავუკეთეთ ძალიან ცივილური ფორმით, როგორ უნდა მიაწოდონ და დროა, ჩამოძვრნენ მაგიდებიდან და პატივი სცენ იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც არის ქვეყანაში". - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

ის, რაზეც იუსტიციის მინისტრი ლაპარაკობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, მისთვის დაცვის უფლების წართმევაა: ადვოკატებს არ აქვთ მასთან კომუნიკაციის საშუალება - ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით, ხორციელდება აუდიოჩაწერა, დაცული კომუნიკაციისთვის მას წერილობით ეკონტაქტებოდნენ და ამისთვის იყო ბოლომდე ამოუვსებელი ბარიერი, რაც მალევე ამოქოლეს. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 31 დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა