logo
ENG



ბრეგაძე პოლონელ ექიმზე: პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ვიფიქრებთ სამართლებრივ რეაგირებაზე

20 ივლ 202300:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/0mf4klwspt0nvpw.jpg

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ვივა მედში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადების შინაარსს არ ეთანხმებიან. მისი თქმით, პოლონეთის საგარეო უწყებისგან "მეტის მოლოდინი ჰქონდათ".

ბრეგაძემ იმედის ეთერში თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ ისევ უცხოელი ექიმები, თუმცა პოლონელი ექიმების ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება.

გარდა ამისა, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა "მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს". მინისტრის თქმით, "დაფიქრდებიან შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე".

"ჩვენ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ფართო ინტერპრეტაციებისა და მანიპულაციების შესაძლებლობა, მივმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა მოესმინა პოზიცია პოლონელებისგან, როგორც მოგეხსენებათ, მისული იყო საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს ელჩის მოვალეობას და მან განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული პოლონელი ექიმის ქცევის ამგვარი მიზეზების შესახებ, რაც ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხი და შემდგომში გაკეთდა ოფიციალური განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, სიმართლე გითხრათ, ველოდით უფრო მეტს და რბილად რომ ვთქვათ, ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით. იმიტომ რომ, როგორც მოგახსენეთ, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, აეხსნათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის გაუგებარი საქციელის გამო, მაგრამ ამ განცხადებაში ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის, წუხილის შემცველი. [...]

ამიერიდან, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ ისევ უცხოელი ექიმები, თუმცა ექიმების ამ ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო. გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი, რაც არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში და სამწუხაროდ, მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. [...]

ჩვენ როგორც ვთქვით, შეგნებულად ვიკავებდით თავს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მივეცით ექიმებს საკუთარი პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, ჩვენ დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე", - განაცხადა ბრეგაძემ.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.

პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.

19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 

სამინისტრო აღნიშნავს, რომ კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს "შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი" მოხდა.

ამასთან, პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი "ემოციური განცხადება" ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.


close დახურვა