logo
ENG



ბრეგაძე რუსულ კანონზე: ორგანიზაციების რეგისტრაცია 1-ლი აგვისტოდან დაიწყება

30 ივლ 202414:53
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, რუსული კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. მისივე თქმით, ამისთვის ტექნიკური ბაზა გამართულია.

ამაზე მან ფორმულას ჟურნალისტის პასუხად ისაუბრა.

კანონთან დაკავშირებით მინისტრი გააღიზიანა შეკითხვამ, რომელშიც ჟურნალისტმა ტერმინი "აგენტების კანონი" გამოიყენა. ბრეგაძემ ჟურნალისტი "საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში" დაადანაშაულა და უთხრა, რომ სანამ კანონის სახელს "სწორად" არ იტყოდა, იქამდე შეკითხვაზე პასუხს არ გასცემდა.

ფორმულას ჟურნალისტმა რატი ბრეგაძეს შეახსენა, რომ კანონს მთელ მსოფლიოში ასე უწოდებენ და პარლამენტში რეგისტრირებულ პირვანდელ ვერსიაშიც სწორედ სიტყვა "აგენტები" იყო ნახსენები, თუმცა მინისტრმა კვლავ გაიმეორა "თქვით კანონის სახელი სწორად".

ბრეგაძემ შეკითხვას მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა, რაც ჟურნალისტმა კანონს ფორმალური სახელი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" უწოდა.

"რაც შეეხება ამოქმედებას, ყველა ეს ვადა მითითებულია კანონში, მგონი თქვენ ეს კარგად იცით. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის" - თქვა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზაში არ დარეგისტრირდებიან, ბრეგაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ისინი კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას, 25 000 ლარს გადაიხდიან.

თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე კანონშია გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას"- თქვა ბრეგაძემ.


close დახურვა