logo
ENG



ბრეგაძე სააკაშვილზე: დაინტერესებულებმა თქვან, რა შეიძლება გავაკეთოთ მისი ჯანმრთელობისთვის

02 თებ 202323:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/dii1xa4da5u0leh.jpg
კადრი: იმედი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარების მხრიდან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებებზე პასუხად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად "ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია".

რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი გადაყვანილია საავადმყოფოში და "ამის იქით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღარაფერია".

ბრეგაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია წერილობით დაასაბუთოს დამატებით რის გაკეთება შეეძლო სახელმწიფოს სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად, მისი, როგორც პატიმრის, რომელი უფლება დაირღვა და არის თუ არა "სამედიცინო რეკომენდაციების არშესრულება თვითდაზიანება".

„რაც შეეხება უშუალოდ გაჟღერებულ ინფორმაციას, იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი სხვა პირი რომელიც დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, უნდა ვთქვათ შემდეგი, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც კი შესაძლებელია: სჭირდება მკურნალობა? მიყვანილია. ამის იქით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, აღარაფერია. თუკი გამოვა ერთი ადამიანი მაინც, აქვე ვთავაზობ თქვენი ეთერის საშუალებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოვიდეს და თქვას, უნდა წერილობით გააკეთოს განცხადება, მეტი სხვა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად. აქვე მეორე კითხვასაც დავუსვამ დაინტერესებულ პირებს, კერძოდ, რომელი უფლება დაირღვა, როგორც პატიმრის და მესამე კითხვა: რა არის პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა, მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება თუ არა თვითდაზიანება?“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

იუსტიციის მიისტრის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც "ვითომ გული შესტკივა, ან მართლა შესტკივა მის ჯანმრთელობაზე და არ იყენებს ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის, კეთილი ინებოს და მოგვწეროს წერილობითი პასუხი".

დღეს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობდნენ ევროდეპუტატებმა თქვეს, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიზებულია და ყოფილი პრეზიდენტი "ციხეში კვდება". მათ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდეს.  

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა და "საქართველოს მთავრობის ეს სამარცხვინო ქცევა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან".

ევროკომისარმა იოჰანეს ჰასმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოზიციაა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედონ, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში."

ჰასის თქმით, "ყველას ინტერესში შედის, რომ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდეს დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიერ". მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, რომ "ქართველ პარტნიორებს დაეხმაროს ამ სიტუაციაში".

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ლ თებერვალს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა