logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთის ლოგისტიკური პრობლემები ხიდის დაზიანების შემდეგ, სავარაუდოდ, გამწვავდა

17 ოქტ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/knd4ofezi414t3f.jpg

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსული ძალები სამხრეთ უკრაინაში აწყდებიან, ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ, სავარაუდოდ, უფრო გამწვავდა.

ბრიტანული უწყება მიუთითებს, რომ ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა, გარკვეულწილად, შესაძლებელია, თუმცა გადასასვლელთან სატვირთო მანქანების დიდი რიგი რჩება.

მათივე თქმით, ქერჩის ხიდის შემცირებული ქმედუნარიანობა დასაბალანსებლად, სამხრეთში მოქმედი რუსული ძალები, დიდი ალბათობით, მარიუპოლის გავლით ზრდიან ლოგისტიკის მიწოდებას.

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. 

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა